ადგილობრივი IT კომპანიების ნაწილი საგადასახადო შეღავათების გაფართოებას ითხოვს. როგორც ირკვევა, გასულ წელს მთავრობის მიერ საერთაშორისო კომპანიებისთვის ამოქმედებული შეღავათებით ქართული კომპანიები ვერ სარგებლობენ.
მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება მხოლოდ იმ კომპანიას შეუძლია, რომელიც შემოსავლის 100%-ს საზღვარგარეთ მომსახურების გაწევისგან იღებს. ადგილობრივ IT კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ეს პირობა თავდაპირველად დადგენილებაში ჩადებული არ იყო.
ქართულ საწარმოებში მიაჩნიათ, რომ მსგავსი შეზღუდვა ადგილობრივ კომპანიებს გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საქართველოს ბაზარზე შემოსულმა საერთაშორისო კომპანიებმა, რომლებიც უკვე სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, კადრების ნაწილი სწორედ მათგან წაიყვანეს.
„როდესაც ამ ინიციატივაზე მიდიოდა მუშაობა, ვიცოდით, რომ IT კომპანიებს ექნებოდათ გარკვეული საგადასახადო შეღავათები. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს შეღავათები ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ექნებოდათ. ბუნებრივია, მივესალმებით ახალი მოთამაშეების შემოსვლას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მათ ჩვენი საკადრო რესურსი მიჰყავთ და ამ დროს ასევე სარგებლობენ შეღავათებით, ჩვენ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. ამიტომ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენზეც, ადგილობრივ კომპანიებზეც გავრცელდეს გარკვეული საგადასახადო შეღავათები,“- განაცხადა Orient Logic-ის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო კომპანიის სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით სულ 15-მდე კომპანია სარგებლობს. IT და საზღვაო სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათები 2020 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და მის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები 5%-მდე შემცირდა.