LIVE

ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება

19 აპრ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 720
ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება

გასული შვიდი დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობამ 5,2 მილიონს გადააჭარბა.

გასული კვირის მაჩვენებლები დეკემბრის პიკურ მონაცემებს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიდის, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, განვითარებად ქვეყნებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში, ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება.

მსოფლიოში კორონავირუსის მორიგი აფეთქების წყარო ინდოეთია, რომელმაც ბრაზილიას გადაუსწრო. 

ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ინდოეთში სრულად აცრილია მოსახლეობის 1.2%, ბრაზილიაში - 4.3%. შედარებისთვის, აშშ-ში სრულად აცრილი მოსახლეობის მაჩვენებელი 25.4%-ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 14.9%-ს აღწევს.

ერთ კვირიან ჭრილში ინფიცირების 12%-იანი ზრდა, მკვლევრებს აფიქრებინებთ, რომ პანდემიის დასრულებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. 

ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაც, რაც დაკავშირებულია AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინების გამოყენების შეზღუდვებთან. 

ამასთან, კორონავირუსის ახალმა შტამებმა მისი კიდევ უფრო სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ბრაზილიაში ვირუსის პოტენციურად ყველაზე მომაკვდინებელი შტამი ცირკულირებს. ამასთან, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ შტამებთან შედარებით, ის უფრო გადამდებიცაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 140,3 მილიონს აღწევს. ამასთან, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 809,000-ით გაიზარდა.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 მილიონს მიაღწია. თუმცა, Covid-19-ით დაღუპულების რეალური რიცხვი, არაზუსტი რეპორტინგის გამო, სავარაუდოდ, 3 მილიონზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში გარდაცვალების შემთხვევები გახშირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინშან ჰონგი