LIVE

Covid-19-მა უკვე 3 მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა

17 აპრ 202113:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
Covid-19-მა უკვე 3 მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა
Victor Moriyama/Bloomberg

ვაქცინაციის პროცესის გლობალურად დაწყების მიუხედავად, Covid-19-ის პანდემიის სიკვდილიანობა არ მცირდება. ფატალური შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით დიდია ღარიბ ქვეყნებში.

ახალი კორონავირუსის პანდემიას 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მნიშვნელოვანია, რომ Covid-19-ის სიკვდილიანობის სტატისტიკაში ბოლო 1 მილიონი დაფიქსირებული  შემთხვევა უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე პირველი ორი მილიონი. პანდემიის დასაწყისიდან გარდაცვალების პირველ მილიონ შემთხვევას დაახლოებით 8,5 თვე დასჭირდა, ხოლო მეორე მილიონს - 3,5 თვე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად,  Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 3 მილიონს შაბათს გადააჭარბა. 2 მილიონიანი ნიშნული კი 15 იანვარს გადაილახა. სიკვდილიანობის ზრდის შემცირებული ინტერვალები და ვირუსის ახალი შემთხვევები იმედს, რომ პანდემიის დასასრული შესაძლოა ახლოს იყოს ეჭვქვეშ აყენებს.

ამასთან, Covid-19-ით დაღუპულთა რეალური რიცხვი, არაზუსტი რეპორტინგის გამო სავარაუდოდ, 3 მილიონზე მეტია.

სიკვდილიანობის გაზრდილი სტატისტიკა  ასევე ხაზს უსვამს უთანასწორობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ევროპის ნაწილებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი  ვაქცინების გავრცელების წყალობით მნიშვნელოვნად შემცირებულია, განვითარებადი სამყარო - კერძოდ ბრაზილია - ვირუსის სიკვდილიანობის სტატისტიკის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

სიკვდილიანობის სტატისტიკა განსაკუთრებით იზრდება ღარიბ ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც ვაქცინების მიღებას ცდილობენ. ბოლო მილიონ დაღუპულთა შორის, ბრაზილიის წილი 9,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წინა მილიონი გარდაცვალებასთან შედარებით, რასაც მოჰყვა მექსიკა და პერუ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ბევრმა ბოლო მილიონი მსხვერპლის შემდეგ, გარდაცვალების სტატისტიკაში თავიანთი წილი შეამცირა. ინდოეთის, ირანის და არგენტინის მაჩვენებლები ყველაზე მეტად შემცირდა. განვითარებული ქვეყნებიდან იტალიას, აშშ-ს, საფრანგეთს და ბელგიას ახალ მილიონში ასევე ნაკლები წილი ჰქონდათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები ხაზს უსვამს იმუნიზაციის აუცილებლობას მსოფლიოში.

Bloomberg Vaccine Tracker-ის მიხედვით, Covid-19 ვაქცინების დაახლოებით 40%  27 მდიდარ ქვეყანაშია გადანაწილებული, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 11% -ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინშან ჰონგი