LIVE

WHO ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს უახლოეს კვირებში გადაწყვეტს

16 აპრ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
WHO ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს უახლოეს კვირებში გადაწყვეტს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის გადაუდებელი მოხმარების შესახებ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ევროპის რეგიონულმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ამასთან, შესაძლოა, ვაქცინების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა დღეს გამოცხადდეს. გადაწყვეტილებას ორგანიზაცია, სავარაუდოდ, 27 აპრილს და 3 მაისს მიიღებს.  

”ჩვენ მათთან კონტაქტზე ვართ, რათა განვიხილოთ დოსიეები, რომლებიც ვაქცინების მწარმოებელმა ორივემ კომპანიამ წარადგინა. გადაუდებელი მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებას მოვისმენთ აპრილში ან მაისის დასაწყისში”,- აღნიშნა WHO-ის ევროპის ვაქცინაციის ექსპერტმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ვაქცინები არც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა” და არც “ევროპის წამლის სააგენტოს” მიერაა ავტორიზებული, მას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. კვირის დასაწყისში, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ აღიარა, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.

ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტურობა 50.4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წამლის წამყვანი მარეგულირებლების მინიმალურ მოთხოვნას - 50%-ს სულ ოდნავ აღემატება.

კიდევ ერთი ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინების ეფექტიანობა 66%-დან 79%-მდეა, რაც mRNA ტექნოლოგიით შექმნილი კორონავირუსის დასავლური ვაქცინების ეფექტიანობაზე ნაკლებია.

საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა შეიძინა, Sinovac-ის ვაქცინის ამდენივე დოზა კი საჩუქრად მიიღო, თუმცა წამლის მარეგულირებლების მიერ ვაქცინების დამტკიცებამდე, მათი გამოყენება არ იგეგმება.