LIVE

ჩინეთი აღიარებს, რომ მისი ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია

12 აპრ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 606
ჩინეთი აღიარებს, რომ მისი ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია
Bloomberg

ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა მაღალი არ არის. 

ჩინეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯორჯ ფუ გაომ განაცხადა, რომ ვაქცინების ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.

ჩინეთის ხელისუფლებამ სცადა, რომ 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება დაებლოკა, თუმცა ის სოციალურ ქსელებში მაინც აქტიურად გავრცელდა. ამის შემდეგ გაომ სამთავრობო გაზეთ Global Times-ს უთხრა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული და ის მხოლოდ ვაქცინების ეფექტურობის გაუმჯობესების გზების შემოთავაზებას აპირებდა.

ამასობაში, ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტურობა 50.4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წამლის წამყვანი მარეგულირებლების მინიმალურ მოთხოვნას - 50%-ს სულ ოდნავ აღემატება.

კიდევ ერთი ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინების ეფექტიანობა 66%-დან 79%-მდეა, რაც mRNA ტექნოლოგიით შექმნილი კორონავირუსის დასავლური ვაქცინების ეფექტიანობაზე ნაკლებია.

ჩინური ვაქცინების მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, დაბალი გამჭვირვალობის გამო, აკრიტიკებენ. ბრაზილიაში Sinovac-ის კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალებში სამი თვის დაგვიანებით გამოქვეყნდა. Sinopharm-ს კი ცდის მესამე ფაზის მონაცემები სრულად ჯერ არ გამოუქვეყნებია. 

კითხვებს ბადებს Sinovac-ის თურქეთში ჩატარებული კვლევაც, სადაც ვაქცინამ 83.5%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. 

ცნობისთვის, საქართველომ Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო, Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა კი შეიძინა, თუმცა წამლის მარეგულირებლების მიერ ვაქცინების დამტკიცებამდე მათი გამოყენება არ იგეგმება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია