LIVE

საქართველო $500 მილიონის ევრობონდებს უახლოეს დღეებში განათავსებს

13 აპრ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
საქართველო $500 მილიონის ევრობონდებს უახლოეს დღეებში განათავსებს

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო $500 მილიონის ევრობონდებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უახლოეს დღეებში განათავსებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14 აპრილს გაიმართება ონლაინ შეხვედრები (ე.წ. ნეთ-როუდ-შოუები) საერთაშორისო ინვესტორებთან. აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ახალი ევრობონდების გამოშვებით საქართველო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირ თანხას - $500 მილიონს ფარავს. ძველი ევროობლიგაციების გასტუმრება ახალი ემისიით ხდება, თუმცა ტრანზაქციის განხორციელებამდე, თანხის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდა