
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი, გასულ კვირას, ბიუჯეტიდან დაფარა.
რაც შეეხება ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას, როგორც მინისტრის მოადგილემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განმარტა, საქართველო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით თანხას მომავალ კვირაში მიიღებს.
“მოგეხსენებათ, ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული ამ ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება. ამ ვალის დაფარვა უკვე მოხდა, გასულ კვირაში გადაირიცხა თანხა ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება ახალი ობლიგაციების გამოშვებას, მიმდინარე კვირაში განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული ინვესტორები, ვინც ჩვენს აქციებს შეისყიდიან და მომდევნო კვირიდან ჩამოირიცხება თანხები, რაც ახალი ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მივიღოთ“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საკითხის კომენტირებისას.
ცნობისთვის, საუბარია 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხის - $500 მილიონის დაფარვაზე. ძველი ევროობლიგაციების გასტუმრება ახალი ემისიით ხდება, თუმცა ტრანზაქციის განხორციელებამდე, თანხის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდა.