LIVE

„აწარმოე საქართველოში“: FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული

12 აპრ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
„აწარმოე საქართველოში“: FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული

რამდენიმე დღის წინ, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის მილიონიანი გრანტით 5 თვეში არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ დაინტერესდა, თუმცა დღეს სააგენტოში ირწმუნებიან, რომ პროგრამით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული. 

კერძოდ, სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესება მოდის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის, ელექტრო ნაწილების წარმოების და ლოგისტიკის მიმართულებებით.

„ამ ეტაპზე FDI გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს",- განაცხადა „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, პროგრამამ დიდი გავლენა იქონია უცხოელ ინვესტორებზე და არიან კომპანიები, რომლებიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობის მექანიზმის გამო დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.

ცნობისთვის, "FDI გრანტი“ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა და პროექტის ფარგლებში, უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებისა და 150 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ, 1 მილიონ ლარიან გრანტს სთავაზობს.