
ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე ფასის სწრაფმა ზრდამ, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ქონების მეპატრონეთა რიცხვი რვამდე გაზარდა.
გასული კვირის ბოლოს, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, ელიტურ კლუბს შეუერთდნენ. მსოფლიოს რვა უმდიდრესი ადამიანი ჯამურად ერთ ტრილიონ დოლარზე მეტს ფლობს და წელს ყველა ერთად 110 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ამ წელს, პეიჯმა და ბრინმა საკუთარ სიმდიდრეს 20 მილიარდ დოლარზე მეტი შეჰმატეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ზრდაა.
2017 წელს, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი პირველი იყო, ვინც 100 მილიარდ დოლარიან ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითსს ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდა ამ მოცულობის ქონება.
dot-com ბუშტის გახეთქვის შემდეგ, გეითსის ქონებამ შემცირება დაიწყო და ის მხოლოდ 2019 წელს დაუბრუნდა 100 მილიარდ დოლარიან მაჩვენებელს.
Tesla-ს დაფუძნებელი, ელონ მასკი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კლუბს გასულ წელს მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ინტერნეტზე გადართვამ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას დიდი მოგება მოუტანა.
უორენ ბაფეტმა $100 მილიარდ დოლარს მცირე დროით მიაღწია მარტში, ხოლო გასულ კვირას კვლავ დაუბრუბდა ამ ნიშნულს. ფრანგული მოდის სახლების მფლობელი LVMH-ის ბერნარ არნო კი 100-მილიარდიანი კლუბის წევრია 2019 წლიდან.
9 აპრილს, ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების ფონზე, ამერიკულმა აქციებმა ახალ რეკორდს მიაღწიეს. 2021 წელს, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული Nasdaq 100 ინდექსი 7%-ზე მეტით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუჯუნგ ლი