LIVE

5G-სთვის საჭირო სიხშირე კომპანიებს ₾5 მილიონზე მეტი დაუჯდებათ

02 დეკ 202021:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
5G-სთვის საჭირო სიხშირე კომპანიებს ₾5 მილიონზე მეტი დაუჯდებათ

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა.

აუქციონის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება 700, 800 და 3400 – 3800 მეგაჰერც სიხშირულ ზოლში არსებული რესურსები - ჯამში სულ 400 მჰც სიხშირული რესურსი. 700 მჰც-იან დიაპაზონში ერთი მეგაჰერცის ღირებულების საწყისი ფასი 363,000 ლარია, 800 მჰც-იან დიაპაზონში - 741,000 ლარი, ხოლო 3.4-3.8 გჰც-იან დიაპაზონში - 52,000 ლარი. 

კომისიის განმარტებით, 700 და 800 მჰც სიხშირეებს უკეთესად გავრცელების თვისებები აქვთ, ხოლო 3400-3800 მჰც დიაპაზონი სიხშირეების უფრო ფართო ზოლს უზრუნველყოფს მაღალი სიმძლავრის საბაზო სადგურების განვითარებისთვის, რომლებიც შეძლებენ ტრაფიკის გატარებას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარისხიანი და სრულყოფილი 5G მომსახურებების მისაწოდებლად მობილურ ოპერატორებს ორივე ტიპის სიხშირული რესურსი დასჭირდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიამ დაბალი სიხშირეები ძირითადად 10 მჰც-იან ლოტებად დაყო, ხოლო მაღალი სიხშირეების ლოტები მინიმუმ 30 ერთეულ მჰც-ს შეიცავს, გამოდის, რომ კომპანიებს 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო რესურსის შესყიდვა 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებათ.

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას.

დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების და წინადადებების წარდგენის ვადა 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით აქვთ.