LIVE

ედიტორიალი: ფინანსურ კოოპერაციას პანდემიის დამარცხება შეუძლია

11 აპრ 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1157
ედიტორიალი: ფინანსურ კოოპერაციას პანდემიის დამარცხება შეუძლია
Samuel Corum/Bloomberg via Getty Image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განახლებული ეკონომიკური პროგნოზი მსოფლიოს მდიდარი ქვეყნებისთვის დამაიმედებელია. ისინი პოსტ-პანდემიური აღდგენისკენ დამაჯერებლად დაიძრნენ. თუმცა, ბევრი ღარიბი ქვეყნისთვის რეალობა საპირისპიროა: დასასრული არ ჩანს, პანდემია კვლავ უარესდება და მათი ეკონომიკური ზარალი მატულობს. ამ ქვეყნების ვალი კი, ხშირ შემთხვევაში, არამდგრადია.

მდიდარმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ დასახმარებლად, განსაკუთრებით ვაქცინების წარმოებისა და განაწილების მიმართულებით. ამავდროულად, ფინანსური თანამშრომლობის უფრო მდგრადი სისტემის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ინსტიტუტების ჩართულობით, კვლავ ამოცანის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.

დღემდე იმპროვიზაციამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე სისტემურმა ინოვაციამ. მაგალითად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თანხმობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მის წევრ ქვეყნებზე ახალი მოცულობითი ტრანში (SDR) უნდა გასცეს. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება იქნება ბევრი ქვეყნისთვის, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ იდეალური ვარიანტი ნამდვილად არ არის.

SDR სარეზერვო სავალუტო აქტივია, რომელსაც ფონდი წევრ ქვეყნებზე გლობალურ ეკონომიკაში მათი წონის პირდაპირპროპორციულად გასცემს. ეს ტრანში შეიძლება დაკონვერტირდეს დოლარში, ან  სხვა მყარ ვალუტაში. ის, ფაქტობრივად, მოქმედებს როგორც იაფი საკრედიტო ხაზი, რომლის გამოყენება, ფინანსური სტრესის დროს, მთავრობებს სწრაფად შეუძლიათ. მისი თავდაპირველი მიზანი იმის უზრუნველყოფა იყო, რომ დოლარის ლიკვიდობის დეფიციტს არ შეეზღუდა საერთაშორისო ტრანზაქციები. ამ მომენტში, ეს შიში აქტუალური აღარ არის: გლობალურად დოლარის ლიკვიდობის პრობლემა დგას და არა დეფიციტის. მიუხედავად ამისა, SDR-ის მორიგი ინექცია მრავალი ღარიბი ქვეყნის ფინანსებს გაზრდის.

650 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რა თქმა უნდა, მძლავრი ნაბიჯია და ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა წევრი ქვეყნის რეზერვს წაადგება. აბსოლუტური თვალსაზრისით, ყველაზე ღარიბ ქვეყნებს აქედან მინიმუმი შეხვდებათ, მაგრამ შემცირებული რეზერვების ფონზე, ისინი სარგებელს მეტად იგრძნობენ. თუმცა, ეს მანევრი  ტექნიკური და გაუმჭვირვალეა. ზოგი მთავრობისთვის ეს ხელსაყრელიცაა, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ ის, რაც სხვაგვარად კონტროვერსიული გეგმა იქნებოდა, ახლა პოლიტიკურ რადარს მიღმა დარჩება. ამასთან, შეერთებულ შტატებს აქვს ვეტოს უფლება SDR-ის გამოყოფაზე და 650 მილიარდი დოლარი არის (უხეშად რომ ვთქვათ) ყველაზე დიდი ინექცია, რომელზეც ფინანსური დეპარტამენტი კონგრესის გვერდის ავლით თანხმდება.

SDR გეგმის გარდა, სავალუტო ფონდმა და მისმა წევრმა მთავრობებმა, სხვა შედარებით მოკრძალებულშ შეთანხმებებსაც მიაღწიეს. მაგალითად იმას, რომ SDR-ის მორიგი ტრანშის გაუმჯობესება შეიძლება, თუ მდიდარი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მათთვის განკუთვნილი ახალი რეზერვები COVAX -ს გადასცენ.

თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მისმა პარტნიორმა ინსტიტუტებმა ასევე უნდა შექმნან ახალი საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გასწიონ იქ, სადაც ექსტრემალურ პირობებში შექმნილი ფინანსური პრობლემები უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი არ არის.

სტანდარტული პროცედურით გონდის სესხებს ეკონომიკური რეფორმების შეფასებაზე დაყრდნობით გასცემს. ამ სქემებზე მოლაპარაკება კი ხშირად გაჭიანურებული და პოლიტიკურად დატვირთული პროცესია. ეკონომიკური პოლიტიკის რეაგირება პანდემიაზე კი ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული ახალი ფისკალური სტრატეგიების დადგენაზე.

ასევე, გაუმჯობესებას მოითხოვს სუვერენული სესხის შემსუბუქების ღონისძიებებიც. ეს პროცესი წლებია მიმდინარეობს, მაგრამ პანდემია კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს საკითხის პრობლემურობას. Covid-19-მა სწორად მიიყვანა G-20-ის ქვეყნების მთავრობები სესხის მომსახურების შეჩერების ინიციატივამდე, თუმცა ეს დროებითი და ნაწილობრივია. ამჟამად მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის შესაფერისი სისტემა, რომელიც სამართლიანი და გამჭვირვალეა და კრედიტორებს საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულებებს შეუმსუბუქებს. ეს რთული საკითხია, მაგრამ პრიორიტეტული.

მიმდინარე კვირის განხილვების შედეგად, მსოფლიოს ფინანსთა მინისტრები უნდა შეთანხმდნენ საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის ეფექტურ ცვლილებებზე. რამდენიმე თამამი ინოვაციის შემთხვევაში, ისინი ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებდნენ Covid-19- ის შედეგებთან გამკლავებას და ასეც იქნებოდა, თუ კარგად ეხსომებოდათ, რომ ეს პანდემია, სავარაუდოდ, უკანასკნელი არ იქნება.

Bloomberg-ის სარედაქციო კოლეგია