LIVE

თურნავა: მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა უქმდება

08 აპრ 202119:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 2535
თურნავა: მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა უქმდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ  იჯარით გაცემულ  „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი“ მიწების კატეგორიაც, ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა.

„პოსტ-პანდემიურ პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება იყოს ჩართული ეკონომიკაში, ქმნიდეს დოვლათს და ასაქმებდეს ადამიანებს. მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ფართოვდება ის მექანიზმი, რომლითაც მოიჯარეები შეიძენენ და გამოისყიდიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაზეც წლების განმავლობაში, იჯარის პროცესში აქვთ გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ამუშავებენ მიწებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება და მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება აქვთ ხელთ, არ შეუძლიათ საბანკო დაფინანსების მოზიდვა, ასევე შეზღუდულები არიან,  რომ  მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამებში და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ეს სიკეთე“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მოიჯარეები შეძლებენ პირდაპირი გამოსყიდვის წესით, საბაზრო ფასად შეისყიდონ ნებისმიერი ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 „ჯამში ეს არის 11 000 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელიც თავის კერძო მესაკუთრეს ნახავს და ეს არის 2 200-ზე მეტი გლეხი, ფერმერი, რომელიც არა უბრალოდ მოიჯარე იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციის ჩადებას შეძლებს მიწის აქტივში და ეს არის ათასობით დასაქმებული ადამიანი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან და მნიშვნელოვანი შენატანი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროგრამაში შევიდა, დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ვადასთან - კერძოდ, შესაძლებელი  გახდა მოიჯარემ სახელმწიფოსგან გამოისყიდოს 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები (აქამდე ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე).