LIVE

აცრიდან 6 თვის შემდეგ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 91%-ს აღემატება

01 აპრ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 4633
აცრიდან 6 თვის შემდეგ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 91%-ს აღემატება
Akos Stiller/Bloomberg

აცრიდან 6 თვის შემდეგ, Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 91%-ს აღემატება. ამ დასკვნამდე კომპანია გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად მივიდა. ეს რიცხვი ვაქცინის ეფექტიანობის ზოგად მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. 

46 307 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციას ექვსი თვის განმავლობაში, 91.3%-ით ახდენს. აშშ-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი - 92.6% იყო.

კომპანიამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ განაცხადა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ეფექტიანობას სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართაც ინარჩუნებს.  

დღესვე ცნობილი გახდა ბირმინგემის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინამ 80 წელს გადაცილებული პირების 98%-ში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა. 

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, მიღებული შედეგები სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისთვის ბიოლოგიური ლიცენზიის განაცხადის წარდგენის საფუძველს ქმნის. ამ დროისთვის, FDA-ს მიერ ვაქცინისთვის მინიჭებული ავტორიზაცია მის გადაუდებელ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გამოიყენება. ვაქცინის ოფიციალური დადასტურება ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს. 

Pfizer-ი უახლოეს მომავალში მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეცნიერო ჟურნალებს გაუგზავნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი