LIVE

ეგვიპტე სუეცის არხის ბლოკირების გამო კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს

01 აპრ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
ეგვიპტე სუეცის არხის ბლოკირების გამო კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს
Bloomberg

ეგვიპტემ, შესაძლოა, სუეცის არხში გაჭედილი გადამზიდის გამო $1 მილიარდიანი კომპენსაცია მოითხოვოს. გიგანტურმა გემმა არხი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაკეტა და გადაზიდვების ბაზარზე არეულობა გამოიწვია.

ამის შესახებ სუეცის არხის ხელისუფლების მთავარმა აღმასრულებელმა ოსამა რაბიემ ადგილობრივ სატელევიზიო არხთან, Sada Elbalad-თან საუბარში განაცხადა. რაბიეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მოითხოვს არხის ადმინისტრაცია კომპენსაციას.

”ეს ქვეყნის უფლებაა. ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს შესაბამისი საზღაური”,- განაცხადა რაბიემ და დასძინა, რომ ინციდენტმა ეგვიპტის რეპუტაცია შელახა.

400 მეტრის სიგრძის გემი Ever Given-ი 23 მარტს გაიჭედა არხის სამხრეთ ნაწილში და ორშაბათს გაათავისუფლეს.

გემის დამქირავებელმა, ტაივანში დაფუძნებულმა Evergreen-მა განაცხადა, რომ ის არ არის პასუხისმგებელი მის მიერ გადაზიდული ტვირთის დაგვიანებაზე.

გემი და მისი ტვირთი, რომელიც რაბიეს თქმით $3,5 მილიარდის ღირებულებისაა, ამჟამად დაახლოებით არხის შუა ნაწილშია.

როგორც რაბიე ამბობს, თუ კომპენსაციის საკითხი სასამართლომდე მივა, შესაძლოა გემი ეგვიპტეში შეაკაონ. მისი თქმით, ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეგვიპტეს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს გემის მფლობელთან.

ეგვიპტეში Evergreen-ის აგენტმა, მოჰამედ ბაჰაამ თქვა, რომ არ ჰგონია მის კომპანიასა და არხის ხელისუფლებას შორის რაიმე ფინანსური დავა წარმოიქმნას.

”40 წლის განმავლობაში SCA-სა და Evergreen–ს შორის დავის არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა. ჩვენ ყველა პატივს ვცემთ SCA–ს ყველა წესს",- განაცხადა Evergreen-ის წარმომადგენელმა ინტერვიუში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარიკ ელ ტაბალვი