
"უკვე ბევრი მომივა, ეროვნული ბანკი ისედაც გაბრაზებული და გაგიჟებულია ჩემზე",- ასე უპასუხა ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა კითხვას, დააყენებს თუ არა ბიზნესი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საკითხს ლარის გაუფასურებისა და ეროვნული ბანკის საპასუხო პოლიტიკის შესახებ.
როგორც ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრაზე ძირითადად მაკროეკონომიკური თემები, მათ შორის, ლარის გაუფასურება იქნება განხილული.
„ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა ძალიან ცუდად აისახება არა მარტო ბიზნესზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე. რაღაც უნდა ვიღონოთ“,- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გუშინ ლაშა პაპაშვილმა ეროვნული ბანკის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს სავალუტო რეზერვები. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა. კობა გვენეტაძის თქმით, ისეთი ღონისძიებებით, რომელსაც ლაშა პაპაშვილი ასახელებს, "დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით და ეროვნული ბანკი იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მსგავს მოწოდებებს არ აჰყვეს".