
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, კერძო სექტორისთვის სტაბილური ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოვანესია.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს სავალუტო რეზერვები. მისივე შეფასებით, სებ-მა უნდა შეარბილოს საბანკო რეგულაციები, რათა ბიზნესისთვის დოლარში დაკრედიტება გამარტივდეს.
„მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა, მსხვილ ბიზნესსაც ისე ურტყამს ლარის გაუფასურება, რომ ეს გაუსაძლისია. არ ვიცი, რატომ აწია საბაზისო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე კვირის წინ. ზოგადად, მსოფლიოში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ეროვნული ვალუტების გამყარებას იწვევს, აქ კი პირიქით მოხდა და ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. უმკაცრესად და უსწრაფესად უნდა მოხდეს არსებულ ნიშნულზე მაინც დაბრუნება. ქვეყნის სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიქნებით. ეროვნულ ბანკს აქვს ვალდებულება, გადაარჩინოს ბიზნესი და ეს უნდა მოეთხოვოს უმკაცრესად და უსწრაფესად. პირველ რიგში, ეს ვალდებულება ეროვნულ ბანკს აქვს და რა თქმა უნდა, მთავრობასაც. ასევე, საბანკო რეგულაციები მაქსიმალურად უნდა შერბილდეს, რადგან დოლარში სესხების აღება პრაქტიკულად შეუძლებელია“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების კომენტირებისას.