LIVE

Archegos-ის მილიარდიანი ფიასკო Wall Street-ზე დიდ დანაკარგებს იწვევს

02 აპრ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1090
Archegos-ის მილიარდიანი ფიასკო Wall Street-ზე დიდ დანაკარგებს იწვევს
Bloomberg

ზემო მანჰეტენზე, კარნეგი ჰოლის მოპირდაპირედ, სანამ ბილ ჰვანგი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სიმდიდრეს ჩუმად ქმნიდა, Wall Street-ზე  ცოტამ თუ შენიშნა ის. თუმცა, მან მოულოდნელად ყველას ყურადღება მიიპყრო. 

ჰვანგი და მისი კერძო საინვესტიციო ფირმა, Archegos Capital Management-ი, ახლა მილიარდ დოლარიანი ფიასკოს ცენტრში არიან, რომელიც ბაზრის ფარულ ფსონებსა და ღია ბაზარს მიღმა მილიარდიან ვაჭრობას მოიცავს.

ჰვანგის უკანასკნელი აღმავლობა შესაძლებელია ბოლო დღეებში ბანკების მიერ გადაყრილი აქციებით აიხსნას - ViacomCBS, Discovery, GSX Techedu, Baidu - ყველა მათგანი წელს სტაბილურად იზრდებოდა, ზოგიერთი ტრეიდერი იმასაც ვერ ხსნიდა რატომ.

ვანგის პორტფელის ერთი ნაწილი, რომელიც გასულ პარასკევს ღია ბაზარს მიღმა ვაჭრობით, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ის and Wells Fargo-ს მიერ გაიყიდა, გასულ კვირას თითქმის $40 მილიარდი ღირდა. ბანკირების აზრით, Archegos-ის წმინდა კაპიტალმა $10 მილიარდს მიაღწია. აქციების გაყიდვების დროსაც კი, ჰვანგის ფირმის მთლიანი პოზიციების შეფასებები იზრდებოდა: ისინი ათობით მილიარდ, $50 მილიარდ და $100 მილიარდ დოლარზე მეტადაც კი იყვნენ შეფასებული.

მთელი ეს სიმდიდრე მხოლოდ რამდენიმე დღეში აორთქლდა. Goldman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი, მაიკ ნოვოგრაცი, რომელიც 1994 წლიდან ვაჭრობს, ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უნახავს.

”ეს ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც პირადი სიმდიდრის ერთ-ერთი უდიდესი დანაკარგი”,- ამბობს ნოვოგრაცი.

Archegos-მა ეპიზოდის შესახებ დუმილი პირველად ორშაბათს, ნიუ-იორკში დაარღვია.

”ეს რთული დროა Archegos Capital Management-ის ოჯახის, ოფისის, ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის, განიხილება ყველა გეგმა, ბატონი ვანგი და მისი გუნდი განსაზღვრავენ წინსვლის საუკეთესო გზას",- განაცხადა ფირმის სპიკერმა კარენ კესლერმა.

ფირმის მიერ გამოწვეული სავაჭრო ზარალის კასკადი ნიუ-იორკიდან  ტოკიომდე და მის ფარგლებს გარეთ ბაზრებზეც აისახა და მის გარშემო უამრავ უპასუხო კითხვა დატოვა, მათ შორის ყველაზე დიდი: როგორ შეუძლია ვინმეს ამხელა რისკზე წასვლა, ამდენი ბანკის დახმარებით, მთელ მსოფლიოს მარეგულირებლების ცხვირწინ?

პასუხის ერთი ნაწილია ის, რომ ჰვანგმა შექმნა საოჯახო ოფისი, შეზღუდული ზედამხედველობით, ხოლო შემდეგ  გამოიყენა ფინანსური დერივატივები კომპანიებში დიდი წილების მოსაგროვებლად, მათი გამჟღავნების გარეშე. მეორე ნაწილი ისაა, რომ ინსაიდერული ვაჭრობის ისტორიისა და ბაზრის მანიპულირების მცდელობების მიუხედავად, რამაც ის ათი წლის წინ ჰეჯ-ფონდების ბიზნესიდან გააძევა, გლობალურმა ბანკებმა ჰვანგის ფირმა მიიღეს, როგორც მომგებიანი კლიენტი.

ჰვანგმა 2012 წელს Tiger Asia Management-ი და Tiger Asia Partners-ი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიის (SEC) ის სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტის შემდეგ დახურა. კომპანიებს ბრალი ედებოდათ ინსაიდერულ ვაჭრობასა და ჩინური ბანკების აქციებით მანიპულირებაში. ჰვანგმა და მისმა ფირმებმა $44 მილიონი გადაიხადეს და ინვესტიციების საკონსულტაციო ინდუსტრიაში მოღვაწეობის აკრძალვას დათანხმდნენ.

მან მალევე გახსნა Archegos-ი, რაც ბერძნულად ნიშნავს „ვინც წინ მიდის“ და ის შექმნა ოჯახის ოფისის სტრუქტურით.

საოჯახო ოფისები, რომლებიც მხოლოდ ერთ ქონებას მართავენ, ზოგადად თავისუფლდებიან აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიაში(SEC) რეგისტრაციის ვალდებულებისგან. ასე რომ, ისინი ვალდებული არ არიან გაამჟღავნონ თავიანთი მფლობელები, აღმასრულებლები და ინფორმაცია, თუ რა კაპიტალს მართავენ, რადგან წესები შემუშავებულია უცხო პირების დასაცავად, რომლებიც ფონდში ინვესტიციას ახორციელებენ. ამ მიდგომას აზრი აქვს მცირე საოჯახო ოფისებისთვის, მაგრამ თუ ის ჰეჯ-ფონდის ზომამდე გაიზარდა, კვლავ შეუძლია საფრთხე შეუქმნან უცხო პირებს, ამჯერად ფართო ბაზრებზე.

ტაილერ გელაში, SEC-ის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა Healthy Markets-ის სავაჭრო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ბადებს კითხვებს ოჯახური ოფისების რეგულირების შესახებ.

”კითხვა ის არის, თუ ამაში მხოლოდ მეგობრები და ოჯახის წევრები არიან ჩართული, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ისინი? პასუხი კი ისაა, რომ მათ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ბაზარზე",-ამბობს გელაში.

სხვა ფასიანი ქაღალდების ღირებულება, რომლებიც სავარაუდოდ Archegos-ის პორტფელში იყო, ასევე დაეცა.

ხუთშაბათის დღის დასასრულს, პორტფელის ღირებულება 27%-ით შემცირდა და ზოგიერთი ინვესტორის კაპიტალი მთლიანად გააქრო. პროცესი ასევე აზიანებს ზოგიერთ ბანკს, რომლებიც ჰვანგს ემსახურებოდნენ. Nomura და Credit Suisse მნიშვნელოვან ზარალს ელიან აქციების მასშტაბური ამოყიდვის გამო. Mitsubishi UFJ Financial Group-მა 300 მილიონი დოლარის ზარალი უკვე დააფიქსირა.

Archegos-ის მფლობელობის სრული სურათი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. როგორც ნოვოგრაცი ამბობს, სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ დავფიქრდეთ, კიდევ ვინ არის ამ უხილავი ქონების მფლობელი.

"რისკის მართვის გარეშე, მთელი ამ საბირჟო კრედიტის უკან არსებული ფსიქოლოგია, თითქმის უკვე ნიჰილიზმია”,-განმარტავს ნოვოგრაცი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეთრინ ბარტონი და ტიმ მალუნი