LIVE

ნათია თურნავა ვალის ზრდაზე: რომ არა პანდემია, ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა

30 მარ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1037
ნათია თურნავა ვალის ზრდაზე: რომ არა პანდემია, ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა

ნათია თურნავა საგარეო ვალის ზრდაზე: რომ არა პანდემია, ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო ვალის ზრდა პანდემიასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა განაპირობა და საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელსაც პანდემიის გამო ვალი გაეზარდა.

„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ „გეგმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებაა“.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალის შემცირება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად მოხდება.

„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა არ ვართ, რომელსაც პანდემიის პირობებში საგარეო ვალი გაეზარდა. რომ არა პანდემია და მასთან დაკავშირებული სოციალური, სამედიცინო, ანტიკრიზისული გეგმის ხარჯები, ჩვენ ეს პრობლემა არ დაგვიდგებოდა, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არ შექმნის პრობლემას საშუალოვადიან პერსპექტივაში“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია. ამასთან, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.