ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის მსხვილმა მოთამაშემ, შპს რეტკომ, სემეკს ოფიციალური წერილით მიმართა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც კომპანია წლების განმავლობაში აწყდება შესყიდვის პროცედურების გაუმჭვირვალობისა და არასამართლიანი მიდგომების გამო.
უფრო კონკრეტულად, კომპანიას სემეკთან ორი კითხვა აქვს, რაზეც პასუხის მიღება სურს:
- რომელ სტანდარტს (მაგალითად, GOST, IEC, EN) უნდა აკმაყოფილებდეს გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროტექნიკური პროდუქცია ან მომსახურება (სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოები), რომ იგი კომისიამ მიიჩნიოს ხარისხიანად და მიზანშეწონილად, და შესაბამისად აღიაროს დანახარჯი როგორც ინვესტიცია?
- რა პროცედურებით ხდება შესყიდული მოწყობილობის ხარისხის, ანუ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა?
"მიმდინარე წლის აპრილში სემეკის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია რეგულირებული კომპანიების ფინანსური, ასევე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შემოწმება, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირისა და საჭიროების დადგენა, შესყიდული მომსახურებისა თუ მოწყობილობების მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრა. სემეკის მხრიდან ამ პროცედურით დაინტერესება მისასალმებელია და წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებასაც. გამანაწილებელი კომპანიების შესყიდვების პროცესი სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს კონტრაქტორებთან პირობების შეთანხმებასაც. ჩვენთვის, როგორც სს “თელასისა” და სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლისთვის, ზემოთ აღნიშნული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია," აღნიშნავს კომპანია განცხადებაში და იქვე განმარტავს კომისიისთვის წერილით მიმართვის ძირითად მიზეზსაც.
კერძოდ, როგორც წესი, სემეკი გამანაწილებელი კომპანიების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, სათანადო კვლევისა და ანალიზის შემდეგ და შესაბამისი მდგენელის მიხედვით აღიარებს, ან არ აღიარებს ინვესტიციად, რაც საბოლოოდ აისახება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფში.
იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ენერგოსუბიექტების საინვესტიციო პროექტებს აფასებს აუცილებლობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეტკო ასკვნის, რომ ობიექტური კვლევისა და შეფასებისთვის უნდა არსებობდეს მწყობრი სისტემა, რომელიც სხვა კრიტერიუმებთან ერთად ადგენს შესყიდული პროდუქციის ხარისხისაც. ეს კი სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად უნდა ხდებოდეს სერტიფიცირებული ორგანოს მიერ და გაიცემოდეს სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატიც.
თუმცა, როგორც წერილიდან ირკვევა, კერძო სექტორისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რა სტანდარტით ხელმძღვანელობს კომისია - მაგალითად, GOST-ით, ანუ ხარისხის რუსული სტანდარტით, თუ მაგალითად საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) ან ევროპის სტანდარტიზაციის კომისიის (EN) სტანდარტებით.
მეორე მხრივ, კომპანიის არგუმენტია, რომ სწორედ სერტიფიკატების ნამდვილობის და სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრების შემოწმებით ადგენენ შემსყიდველი ორგანიზაცია, მაკონტროლებელი ორგანო, ექსპერტიზის ბიუროები თუ სხვა დაინტერესებული პირები გაწეული მომსახურებისა თუ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და მის შესაბამისობას.
ამ ფონზე, რეტკო სემეკისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ვინაიდან ელექტროენერგიის ქსელის და დანადგარების გამართულობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გარემოსთან, რასაც მოწმობს სიცოცხლის მოსპობის თუ ჯანმრთელობის დაზიანების ათობით შემთხვევა გამოწვეული გაუმართავი ინფრასტრუქტურით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, აუცილებელია ბაზრის მოთამაშეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რომელი სტანდარტის შესაბამისად შეარჩიონ ან აწარმოონ საკუთარი პროდუქცია. გარდა ამისა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს ენერგეტიკული დარგის მარეგულირებელი დოკუმენტების და სტანდარტების ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრაში მოყვანას.
"ჩვენს მიერ საკითხისადმი ესოდენ კომპლექსური დაინტერესება განპირობებულია ჩვენი კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებიდან გამომდინარე. შპს ,,რეტკო“ წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, რომელიც 16 წელია ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებისთვის, გამანაწილებელი და გენერაციის ობიექტებისთვის ქმნის უსაფრთხო, მდგრად და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას. ჩვენთვის ბიზნესის კეთება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგების გენერირება. ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება საქმიანობის გამჭვირვალე და არაკორუფციული გზით განხორციელებას და ხასიათდება ქვეყნის განვითარებაში და საზოგადოებრივ აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობით," განმარტავს კომპანია.
რეტკო, მისი დირექტორის, ზურაბ კაპანაძის სახელით იმედოვნებს, რომ სემეკი დეტალურად გაეცნობა წერილს და დადგენილ ვადაში გასცემს პასუხს დასმულ საკითხებზე. თავის მხრივ, კომპანია მზაობას გამოთქვამს, მჭიდროდ ითანამშრომლოს კომისიასთან, გაუზიაროს დამატებითი ინფორმაცია და შესთავაზოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა.