LIVE

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკოლექციო მონეტის რეალიზაცია იწყება

26 მარ 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 2353
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკოლექციო მონეტის რეალიზაცია იწყება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ტოკიოს მთავარი ოლიმპიური არენის არქიტექტურის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება. არენის შიდა ნაწილში გამოსახულია საქართველოს მოფრიალე დროშა. მონეტის ცენტრალურ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო. წრიულ რკალში კი დატანილია წარწერები "NATIONAL OLYMPIC TEAM OF GEORGIA" და "ზაფხულის ოლიმპიური თამაშები".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს სპორტული მარათონის სარბენი ბილიკის სტილიზებული გამოსახულება. დატანილია წარწერები: "5 ლარი", ოლიმპიადის სლოგანი "DISCOVER TOMORROW" და "SUMMER OLYMPIC GAMES IN JAPAN". ხოლო ქვედა არასტანდარტულ რკალში კი განთავსებულია ფარული გამოსახულება, რომელზეც მონეტის განსხვავებული კუთხით დახრისას მონაცვლეობით ჩნდება წლები "2020" და "2021".

მონეტის ფასი 80 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის პირველი აპრილის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში იქნება შესაძლებელი.

პროდუქცია 2021 წლის პირველი აპრილიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ორი მონეტის შეძენა შეეძლება, რათა მეტი კოლექციონერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათ შორისაა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა და ა.შ.