LIVE

"რყევების გათვალისწინებით" რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდა

19 ივნ 202413:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 1411
"რყევების გათვალისწინებით" რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა იმ არგუმენტით, რომ ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის.

"გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს," ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებამდე, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ბიზნესიც გამოკითხა და მიღებული შედეგებიდან ირკვევა, რომ მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია.

კერძოდ, უფრო მეტი ეკონომიკური აქტორი ელის, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასები 6%-8%-ის ფარგლებში გაიზრდება და 8%-ზე მეტადაც გაიზრდება. ამის პარალელურად, მცირდება იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვინც სამომხმარებლო ფასების ზრდას 0%-2%-ის და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდა. 

მაისში აპრილთან შედარებით, ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია სამწლიან პერიოდზეც - უფრო მეტი კომპანია ელის ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ინტერვალში და 8%-ზემეტად. ასევე გაზრდილია საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში - უფრო მეტი ბიზნესი ელის ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში, ასევე 8%-ზე მეტად. გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობაც, ვინც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მცირედით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებოდნენ.

საინტერესოა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ინფლაციური მოლოდინების გაუარესება ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებულ რყევებს მიაწერა, რაც მისივე თქმით, "ხელოვნური აჟიოტაჟით" იყო განპირობებული.  

„თუმცა, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს - დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა. შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას," განაცხადა დღეს თურნავამ.

რაც შეეხება თავად ფასების ზრდის ტემპს, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მაისში ინფლაციის ზრდა (2%) მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის დამსახურება იყო, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა.

მარეგულირებელი ამბობს, რომ თუკი შიდა და გარე გამოწვევების ფონზე დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს პოლიტიკის შერბილებას "განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე". მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნებას ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებას. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება.