LIVE

გენდერული თანასწორობის მხრივ, საქართველო და აზერბაიჯანი EaP-ის სხვა ქვეყნებს ჩამორჩება

27 იან 202417:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 533
გენდერული თანასწორობის მხრივ, საქართველო და აზერბაიჯანი EaP-ის სხვა ქვეყნებს ჩამორჩება

გენდერული თანასწორობა და ინკლუზიურობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პრობლემურ საკითხად რჩება. არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია მდგრადი განვითარების მე-5 მიზნისთვის, რაც გენდერულ თანასწორობას გულისხმობს, თუმცა ყველაზე უარესი მდგომარეობა აზერბაიჯანსა და საქართველოშია, - ამის შესახებ ნათქვამია EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ქულა მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა, აზერბაიჯანის ქულა კი უცვლელი დარჩა. გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული უთანასწორობის ინდექსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გაძლიერებას და შრომის ბაზარს აფასებს, საქართველოს და აზერბაიჯანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე ბოლო ადგილზე აყენებს. 162 ქვეყნის სიაში საქართველოს 70 ადგილზე, აზერბაიჯანი კი 66-ე ადგილზეა.

დოკუმენტის თანახმად, არსებული მონაცემებით, საქართველო და სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სიღარიბის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველი ქვეყნები არიან. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.