LIVE

მინისტრის თქმით, საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1 770 შესაძლო შემთხვევა აღკვეთა

26 იან 202413:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 269
მინისტრის თქმით, საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1 770 შესაძლო შემთხვევა აღკვეთა

საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1 770 შესაძლო შემთხვევა აღკვეთა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში უწევს მონიტორინგს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.

"სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1 770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას", - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი გახდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა.

"შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში", - თქვა ხუციშვილმა.