LIVE

EBRD-მა 2023 წელს საქართველოში 210 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

26 იან 202414:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 265
EBRD-მა 2023 წელს საქართველოში 210 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წელს საქართველოში 210 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. 

EBRD-ის განცხადებით, ინვესტიციების მიზანი, ადგილობრივი ბანკების საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსების გზით, ჯანდაცვის სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დაფინანსება იყო. 

ბანკის ძირითადი ფოკუსი კვლავ კერძო სექტორზეა, რაც ქვეყანაში 2023 წლის ინვესტიციების 84%-ს შეადგენს. 

„გავაგრძელეთ კლიენტების მხარდაჭერა ინკლუზიური, მწვანე და ციფრული ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენი მხარდაჭერა გულისხმობდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას ადგილობრივი საწარმოების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტიციების გზით, ადგილობრივი კომპანიების დაფინანსებას პარტნიორი ბანკების მეშვეობით ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით და ვაჭრობის ხელშეწყობას. 

ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტიცია მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში თბილისსა და აჭარის რეგიონში, მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვის სექტორის განვითარებას, ჩავატარეთ მასშტაბური გენდერსა და ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები და ვიმუშავეთ კლიენტებთან სამუშაო ადგილებზე და სერვისებზე წვდომის შესაქმნელად. 

ბანკმა ასევე გააფართოვა პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით მნიშვნელოვანი რეფორმების ხელშესაწყობად", - ამბობს EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ალკის ვრენიოს დრაკინოსი. 

EBRD განცხადებაში გამოყოფს გასულ წელს აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების დამუშავებისა და განთავსების ობიექტების რეაბილიტაციის პროექტს. მისი განხორციელების შედეგად, ნარჩენები ქობულეთსა და ბათუმში არსებულ ნაგავსაყრელებზე აღარ ხვდება. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი აგრძელებდა კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობას „საქართველოს კაპიტალის“ მიერ გამოშვებულ მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში (SLB) ინვესტიციების გზით, რომელიც ამ ტიპის პირველი ინსტრუმენტია კავკასიაში. 

ბანკი აგრძელებს საქართველოს აქტიური სავაჭრო საქმიანობის მხარდაჭერას 70.5 მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებით ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორ ადგილობრივ ბანკთან პარტნიორობით. 

გარდა ამისა, EBRD-მა გაზარდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 139 მილიონი ევროს სახით ადგილობრივი ბიზნესისთვის ქვესესხების გაცემის მიზნით. 

განცხადების თანახმად, ბანკი ასევე უზრუნველყოფდა ბიზნესთან დაკავშირებულ რჩევებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის 65 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, კომპანიების მიერ კრიზისის პირობებში საქმიანობის გაფართოებისა და გაუმჯობესების მიზნით. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეებისა და მენეჯერებისთვის ტრენინგების შეთავაზებით. 

ბანკმა გააგრძელა საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება, რომელიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასა და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ. 

ინვესტიციებთან ერთად, EBRD აგრძელებდა პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს  ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.