LIVE

თამაშები, როგორც მარკეტინგი - რას სთავაზობს iGrove მომხმარებლებს?

24 იან 202416:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
თამაშები, როგორც მარკეტინგი - რას სთავაზობს iGrove მომხმარებლებს?

ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპ კომპანია, iGrove გამოჩნდა, რომელიც მობილური თამაშების გზით კომპანიებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

iGrove-ს აპლიკაციის შექმნის იდეა ბაზარზე ახალი მარკეტინგული მეთოდების დამკვიდრებას ეფუძნება. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დემეტრე ხოფერია „ბიზნეს ფორმულას“ უყვება, მომხმარებელზე, განსაკუთრებით კი ახალი თაობაზე ტრადიციული რეკლამა - ბანერის, სარეკლამო რგოლის ან სოციალური მედიის კამპანიის სახით - აღარ მოქმედებს. შესაბამისად, მათი მიზანი ახალ ტენდენციებზე გადასვლა და ამ პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრებაა.

„ბრენდული თამაშები, როგორც მარკეტინგის სტრატეგია დიდი ხანია გამოიყენება. Gen Z-ზე, მაგალითად, Facebook-ის კამპანიები აღარ მოქმედებს, რადგან ზოგი ამ სოციალურ ქსელს აღარც კი იყენებს. მათზე აღარ მუშაობს გარე ბილბორდების რეკლამებიც. iGrove კი არის ადგილი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ თამაშ-თამაშით გაეცნონ და თავი შეაყვარონ ახალგაზრდებს, თუმცა არა მხოლოდ მათ. მარტივი და სახალისო თამაშები მიმზიდველია ყველა ასაკის ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, აპლიკაცია მიმზიდველია როგორც სტარტაპებისთვის, ისე მსხვილი კომპანიებისთვის“, - აცხადებს დემეტრე ხოფერია.

iGrove-ს ე.წ. გასართობი ჰაბი თავს უყრის არაერთ თამაშსა და სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებას - ვაუჩერების, ფასდაკლებებისა და საჩუქრების სახით. მომხმარებელს ამ შეთავაზებების განაღდება სწორედ თამაშებიდან დაგროვებული ქულების გამოყენებით შეუძლიათ. აპლიკაციას აქვს „ლიდერბორდიც“, სადაც მოწინავე პოზიციების შენარჩუნების შემთხვევაში, მომხმარებლები დამატებით ქულებს იღებენ, რაც აქტიურობის დამატებითი მოტივაციაა.

„iGrove-ს სერვისით კომპანიები ინტერესდებიან, რადგან აპლიკაციაში მათ შეთავაზებებს თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ნახულობს. თუმცა ნახვასთან ერთად, მათი მომხმარებლებიც ხდებიან, რითაც მათი პოპულარობა იზრდება.

iGrove ამჟამად 80-90-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელთა რიცხვიც მზარდია. აპლიკაციის გადმოწერა ჯამში 107 000-ს აღწევს, თვეში კი საშუალოდ 45 000 უნიკალური მომხმარებელი გვყავს. თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მომხმარებლები რა დროს ატარებენ აპლიკაციაში. ორი წლის წინ ეს დრო 20-25 წუთი იყო, 2023 წლის ბოლოს კი 1 საათსა და 10 წუთამდე გაიზარდა“,- განმარტავს დემეტრე ხოფერია.

iGrove-ს აპლიკაცია 2022 წლიდან იქმნებოდა და 2023 წლის მეორე ნახევარში ბაზარზეც გამოჩნდა. სწორედ ამ დროს კომპანიამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპ გრანტი მოიპოვა. მას შემდეგ გაზარდა თანამშრომლების რაოდენობაც და ახლა 12 ადამიანს ასაქმებს.

გასული წლის ივნისის-დეკემბრის პერიოდში iGrove-ს შემოსავლების 400-450%-იანი ზრდა ჰქონდა. წელს კი 150%-იან ზრდას ელოდება. კომპანიის წლევანდელ გეგმებში საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლაც შედის.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ iGrove-ს უცხოეთში წაღებაზე და ვიაზრებთ იმასაც, რომ საქართველო პატარა ბაზარია. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები სომხეთთან და უზბეკეთთან, თუმცა ამ პროცესში, ჩვენგან დამოუკიდებლად, დაინტერესება წამოვიდა შვეიცარიიდან. მოლაპარაკებები საკმაოდ შორს არის წასული და იმედი მაქვს, დადებითად დასრულდება“,- ამბობს სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი.

iGrove მალე საინვესტიციო რაუნდის გახსნას და საგრანტო პროგრამებზე განაცხადების შეტანასაც გეგმავს. კომპანია დამატებითი ფინანსების აპლიკაციის უცხოურ ვერსიებში ინვესტირებას აპირებს.