LIVE

2 წლის განმავლობაში პირველად, დეკემბერში jobs.ge-ზე ვაკანსიები შემცირდა - PMC

24 იან 202419:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
2 წლის განმავლობაში პირველად, დეკემბერში jobs.ge-ზე ვაკანსიები შემცირდა - PMC

2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42 362 ვაკანსია გამოქვეყნდა. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის თანახმად, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 2.7%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს, PMC-ის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში, 2 წლის განმავლობაში პირველად, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 2.4%-ით იკლო. 

დასაქმების თრექერის მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა თვის ჭრილშიც. 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, 23.9%-ით ნაკლებია ნოემბერში გამოქვეყნებულზე. 

2023 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში 11 077 ვაკანსია გამოქვეყნდა - გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 9 949 ვაკანსია - ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 6 598 ვაკანსია კი - ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში. 

შეგახსენებთ, BAG ბიზნეს კლიმატის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი უპირველესი ფაქტორი სპეციალისტების ნაკლებობა იყო.