
BAG ბიზნეს კლიმატის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი უპირველესი ფაქტორი სპეციალისტების ნაკლებობა იყო.
აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა შემსუბუქდა (6 პროცენტული პუნქტით). ხოლო ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა (7 პროცენტული პუნქტით).
უფრო დეტალურად, გამოკითხული კომპანიების მიერ, IV კვარტალში, საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი სახელდება:
- სპეციალისტების ნაკლებობას კომპანიების 63% ასახელებს ხელის შემშლელად. ეს საკითხი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვისაა ხელის შემშლელი, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის. საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად.
- სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა, ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის. აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებს აწუხებთ.
- სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულთა 43%-მა დაასახელა. პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა. საწარმოთა ზომის მიხედვით კი, მსხვილი ზომის კომპანიებისთვის.
- ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად კომპანიების 35%-მა დაასახელა. ეს ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვისაა ხელის შემშლელი, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის. საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აწუხებთ.
- მოთხოვნის სიმცირე ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 18%-მა დაასახელა. საკითხი ყველაზე მწვავედ მრეწველობის სექტორის მიერ ფიქსირდება. ამასთან, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები და 52% შეადგინა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით.