LIVE

2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - მსოფლიო ბანკი

10 იან 202414:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - მსოფლიო ბანკი

მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული

მოსალოდნელია, რომ გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ბანკის პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია იკლებს - 2024 წელს ზრდის მაჩვენებელი, წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე შემცირდება, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9%-ია მოსალოდნელი, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია.

გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 5.5%-ს მიაღწევს, რაც, ადრე ნავარაუდევთან შედარებით, დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40%-ში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე.

მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით. 

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა შარშანდელთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია (რეცესიის  რისკი შემცირდა, ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო), მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია.  

ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით მსოფლიოში  ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

„ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული. მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს - ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას.

აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა. 

რეგიონების მიხედვით, მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასეთია:

აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: 2024 წელს რეგიონში ზრდა, სავარაუდოდ, 4.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2025 წელს 4.4%-მდე. 

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს ზომიერ 2.4%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს. 

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდა 2.3%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.5%-მდე. 

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს 3.5%-მდე მოიმატებს და 2025 წელს ამ დონეზე შენარჩუნდება.

სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს, სავარაუდოდ, შენელდება 5.6%-მდე და 2025 წლისთვის 5.9%-მდე მოიმატებს. 

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდა 3.8%-მდე, ხოლო 2025 წელს მატება 4.1%-მდე. 

უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით, მომავალ წელს კი - 4.5%-ით გაიზრდება. ეს მონაცემები 2023 წლის ივნისის პროგნოზირებულზე, შესაბამისად 0.2 და 0.5 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია.