
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით, მომავალ წელს კი - 4.5%-ით გაიზრდება. ეს მონაცემები 2023 წლის ივნისის პროგნოზირებულზე, შესაბამისად 0.2 და 0.5 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია.
საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, 2024 წლის პროგნოზის კლება ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მსოფლიო ბანკი ელის, რომ მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.
რაც შეეხება ინფლაციას, მსოფლიო ბანკის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.
გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში 2024-25 წლებში პროგნოზირებულია წლიური 3.3%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია რეგიონში რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირება, რეექსპორტი და ტურიზმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობას. თუმცა, დოკუმენტში გრძელვადიანი ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება კავშირისა და ლოგისტიკის სისუსტე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლო გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
საქართველოს მთავრობა წელს 5.2%-იან ზრდას ელის. აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.