LIVE

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი

16 დეკ 202312:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, საფინანსო ინსტიტუტმა აპრილის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და 6%-იან ზრდას ელის. 

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით გაიზარდა. ADB მიუთითებს, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შემოდინებების მოსალოდნელზე მეტ მდგრადობას უკავშირდება.

"საქართველოს ეკონომიკამ კარგი შედეგი აჩვენა 2023 წლის პირველ ნახევარში, რასაც დაეხმარა ზრდა მშენებლობასა და მომსახურებაში, ტურიზმიდან სტაბილური შემოსავლები, ვაჭრობა და რუსი მიგრანტებისგან ფინანსური შემოდინების გაგრძელება, რამაც ქართული ლარი გააძლიერა",- აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში. 

რაც შეეხება ინფლაციას, აზიის განვითარების ბანკი აღნიშნავს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დაეცა, რასაც სტაბილური ლარი და მაკროეკონომიკური პოლიტიკა დაეხმარა. პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ინფლაცია 3% იქნება, ხოლო 2024 წელს 3.5%. აღსანიშნავია, რომ ბანკმა საქართველოსა და სომხეთის 2023-2024 წლების ინფლაციის პროგნოზები შეამცირა, რამდენადაც ცენტრალურმა ბანკებმა წლის პირველ ნახევარში ძირითადად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნეს და ორივე ქვეყნის ვალუტა რუბლთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა.