
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია "მასდარსა" და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანია საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია "მასდარის" დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, რაც ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
მიქაუტაძის თქმითვე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
"მასდარის" დირექტორის, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.
"მასდარი" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ", - ამბობს "მასდარის" დირექტორი მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰი.
100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ "მასდარს" შორის 2021 წელს გაფორმდა.