LIVE

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" Facebook-ს სასამართლოში უჩივის

24 მარ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 900
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" Facebook-ს სასამართლოში უჩივის
Gabby Jones/Bloomberg

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) საფრანგეთში, Facebook-ს მედიის წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და COVID-19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო, უჩივის.

საზოგადოებრივ პროკურორთან წარდგენილ საჩივარში ორგანიზაცია წერს, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნის ნაცვლად, Facebook-ი უშვებს, რომ მის პლატფორმაზე ჟურნალისტებისა თუ სხვა ჯგუფების წინააღმდეგ სიძულვილის ენა მასშტაბურად გამოიყენონ და ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ.

”RSF-ის სარჩელი, რომელიც ექსპერტთა ანალიზს, პირად ჩვენებებსა და Facebook-ის ყოფილი თანამშრომლების განცხადებებს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ Facebook საკუთარ ქსელში დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც მის წესებს ეწინააღმდეგება”, - აცხადებს ორგანიზაცია.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უმსხვილესი სოციალური ქსელის წინაღმდეგ მსგავსი საჩივრებით სხვა ქვეყნების სასამართლოებსაც მიმართავს.  ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გლობალური გავლენა ექნება. 

საფრანგეთსა და ირლანდიაში მოქმედი წესით, შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში, კომპანიები წლიური ბრუნვის 10%-ით დაჯარიმდებიან.

RSF-ის საჩივარზე Facebook-ის საფრანგეთის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. 

Facebook-მა გუშინ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, 1.3 მილიარდი ყალბი ანგარიში აღმოაჩინა. კომპანიის განცხადებით, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, მისი პლატფორმა 35 000-მა ადამიანმა გამოიყენა. 

კომპანიამ ქსელიდან წაშალა 12 მილიონი პოსტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, COVID-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.