LIVE

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან კავშირებს აძლიერებს

23 მარ 202114:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან კავშირებს აძლიერებს
Frederic J. Brown/AFP/Getty Images

გასულ კვირას, ალასკაზე, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთი კავშირებს აძლიერებს ჩრდილოეთ კორეასთან და რუსეთთან.

„ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ჩვენს ჩრდილო კორეელ მეგობრებთან ერთად, რათა გავამყაროთ და განვავითაროთ ჩინეთ-ჩრდილო კორეული ურთიერთობები“,- განაცხადა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა.

ამ გზავნილმა მას შემდეგ გაიჟღერა, რაც ამერიკელი მაღალი რანგის დიპლომატები იაპონიას და სამხრეთ კორეას ეწვივნენ, ჩინელ კოლეგებთან შეხვედრამდე. თავის მხრივ, ვაშინგტონი ცდილობს ალიანსების გაძლიერებას აზიაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს თანამოაზრე ქვეყნებთან იმუშაოს, რათა შეთანხმებული პოლიტიკა გაატარონ ჩინეთის მიმართ.

პეკინიც ალიანსების გაძლიერების პროცესშია. გასულ კვირას, ჩინეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეწვია. ჩინეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან რუსეთსა და ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, იმის პასუხად, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, აშშ-ის ლიდერობით, ჰეგემონიისკენ მიისწრაფის.

ჩინეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნით, იმუშავებს ჩრდილოეთ კორეასთან და სხვა მხარეებთან.

გასულ კვირას, სეულში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჯერ აშშ-ს არ აქვს განსაზღვრული მკაფიო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, მაგრამ ჩინეთის ინტერესებში შედის, რომ ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის ძირითადი მფარველია. წლების მანძილზე, სწორედ ჩინეთი იყო მათი პრობლემური ეკონომიკის ერთადერთი იმედი. პეკინის წყალობით, ჩრილოეთ კორეაზე ბირთვული იარაღის ტესტირების გამო დაწესებული სანქციების ეფექტის შერბილება ხდება.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჯონ უნმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა გამყარდეს თანამშროლობა, რათა დაუპირისპირდნენ მტრული ძალებისგან მომავალ გამოწვევებსა და ობსტრუქციულ ნაბიჯებს.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუსი ლიუ, ჯოენგ-ჰო ლი და ფილიპ გლამანი