LIVE

OECD: საქართველოში კომპანიების დიდი ნაწილი მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ვერ იღებს

14 დეკ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 291
OECD: საქართველოში კომპანიების დიდი ნაწილი მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ვერ იღებს

საქართველოში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-ის და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება, რისი მიზეზიც, OECD-ის ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის თანახმად, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემაში უნდა ვეძიოთ.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის თანახმად, ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ბოლო წლებში შემცირდა, მოსახლეობის მიერ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯი მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ITU-ს მიერ განსაზღვრული 2%-იანი სამიზნე მაჩვენებელი და მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2.35%-ს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე.

მეორე მხრივ, ქვეყანას გამოსასწორებელი აქვს ინტერნეტის სიჩქარეც, რამდენადაც დაკავშირებული კომპანიების უმეტესობას (61%) წვდომა აქვს ინტერნეტზე, რომლის სიჩქარე 30 მეგაბიტ წამზე ნაკლებია. ეს კი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად განიხილება, რადგან მათ მიერ ინტერნეტის ათვისება ჩამორჩება მსხვილი კომპანიებისას.

ამის საპირისპიროდ, მსხვილი კომპანიების 79%-ს აქვს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მეგაბიტ წამზე მეტი), მაშინ როცა ანალოგიური პრივილეგიით საშუალო კომპანიების მხოლოდ 54% და მცირე კომპანიების მხოლოდ 38% სარგებლობს.

შესაბამისად, OECD-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ეს სხვაობა შემცირდეს, რისთვისაც საჭიროა ბაზარზე კონკურენციის, ინვესტიციების და ინოვაციების ზრდა იმგვარად, რომ მომხმარებელმაც და ბიზნესმაც უფრო სწრაფი ინტერნეტი მიიღოს, უფრო დაბალ ფასად.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2015-2020 წლებში საქართველოში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, ხოლო ე.წ. ციფრული დაყოფა ქალაქებსა და სოფლებს შორის განახევრდა (-64%) და 2021 წლისთვის 12.6%-ს მიაღწია. თუმცა, ეროვნული სტრატეგიით, ქვეყანას აქვს გაცხადებული ამბიცია, რომ 2025 წლამდე საქართველოს ტერირტორიის 99% დაფაროს 4G ინტერნეტით.