COP28-ის სამიტის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, გლობალური კვების ინდუსტრიის დაფინანსებამ $7 მილიარდს გადააჭარბა.
დაფინანსება მიზნად ისახავს ინოვაციური გზებითა და რეგენერაციული სოფლის მეურნეობით საკვების წარმოებიდან წარმოქმნილი სათბური აირის ემისიები შეამციროს და ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაციას შეუწყოს ხელი.
საკვების წარმოება გლობალური ემისიების დაახლოებით მესამედზეა პასუხისმგებელი. დუბაიში გამართული კლიმატის სამიტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მთლიანი დღე დაუთმო კვების სისტემის მნიშვნელოვან თემებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი მიღწევის მიუხედავად, აგროსასურსათო სისტემებზე გამოყოფილი კლიმატის დაფინანსება „მნიშვნელოვნად დაბალია“ სხვა მიმართულებებთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე, ორი ათწლეულის განმავლობაში, აგროსურსათის მხარდაჭერის პროგრამის ჯამი $183 მილიარდი იყო. უშუალოდ 2021 წელს კი დაფინანსების წილი წლიურად 12%-ით დაეცა და $19 მილიარდით განისაზღვრა.
ცნობისთვის, გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე მიმდინარეობდა.
COP28-ზე ისეთი თემები განიხილებოდა, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.