LIVE

სამშენებლო სექტორი მთავრობის დახმარების მოლოდინშია

22 მარ 202116:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1403

დეველოპერები "უძრავი ქონების ბაზრის გადასარჩენად" კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი აზრით, აუცილებელია, გაგრძელდეს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რაზეც გასულ წელს, ანტიკრიზისული ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს პროგრამა აღარ გაგრძელდება.

Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ბაზრის კვლევის შედეგებით, თებერვალში საცხოვრებელი ბინების გაყიდვებმა თბილისში 4%-ით იკლო. უმნიშვნელოდ, 2%-ით გაიზარდა მოთხოვნა ეკონომ სეგმენტის ტიპის ახალაშენებულ ბინებზე. რაც შეეხება დეველოპერული ბაზრის ზომას, აქაც 4%-იანი კლება დაფიქსირდა და ჯამში 123 მილიონი დოლარი შეადგინა.

კლება კიდევ უფრო თვალსაჩინოა ბათუმში: 2021 წლის თებერვალში 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომა ჯამში 26 მილიონი დოლარია და აქაც, კლება 16%-ს შეადგენს.

მართალია, კვლევა მოიაზრებს, რომ თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრი გამოცოცხლების ნიშნებს აჩვენებს, თუმცა ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ დეველოპერები. მათი პროგნოზით, სექტორში შექმნილი მძიმე ვითარება რამდენიმე თვეში აისახება რიცხვებზეც.