
გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს $500 მილიონზე მეტი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გაერო-ს ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე შეხვედრა, იგივე COP28, წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე იმართება.
COP28-ზე განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა; ექსტრემალური ამინდებთან ადაპტაციის გაუმჯობესება; ემისიებით ვაჭრობის სტანდარტები; გლობალური დათბობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ფონდები და სხვა.