LIVE

TI: სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამდებობის პირთა 10% დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს

30 ნოე 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 202
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამდებობის პირთა 10% დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ 2022-2023 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რომელთა ნაწილიც ხარვეზიანი აღმოჩნდა.

კვლევამ აჩვენა, რომ შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლების დეკლარაციებშიც ხარვეზებია, თუმცა ამის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 10% დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად:  

  • წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს TI-ს მიერ გამოვლენილი ხარვეზები;
  • 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო 26-მა, რაც 23-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით;
  • 12 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი ვახტანგ გადელია, წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზეზვა მაკალათია;
  • გამოვლინდა 4 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია. მათ შორის არიან: სენაკის მერი ვახტანგ გადელია და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზეზვა მაკალათია;
  • 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ შორის არიან: მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და აბაშის მერი გიგა გაბელაია;
  • თანამდებობის ერთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში.

„გასათვალისწინებელია, რომ კვლევა დაეყრდნო საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. მასში გამოყენებულია თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება“, - აღნიშნულია TI-ს კვლევაში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, TI მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით.