LIVE

კიმ კარდაშიანის Skims-ი შესაძლოა, 2024 წელს, საჯარო კომპანია გახდეს

02 დეკ 202319:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 363
კიმ კარდაშიანის Skims-ი შესაძლოა, 2024 წელს, საჯარო კომპანია გახდეს

ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის Skims-ი 2024 წლისთვის შესაძლოა საჯარო კომპანია გახდეს.

საცვლების კომპანიის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შესახებ ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რამდენადაც კომპანია განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ზაფხულის მონაცემებით, კომპანია $4 მილიარდად არის შეფასებული. ამ პერიოდში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იენს გრიდმა მედიასთან განაცხადა, რომ „Skims-ი იმსახურებს გახდეს საჯარო კომპანია, როცა ამის შესაფერისი დრო მოვა“. მიუხედავად ამისა, კომპანიის IPO-ზე გასვლის გეგმები საბოლოო არაა და შესაძლოა სხვა გზით განაგრძოს განვითარება.

შემდეგ წელს IPO-ზე გასვლას გეგმავს Reddit-იც, ამერიკული სოციალური ქსელი, რომელიც ლისტინგში მოსახვედრად დიდი ხანია ემზადება. გასულ წელს Reddit-ი თანამშრომლობდა Morgan Stanley-თან, Goldman Sachs Group-თან და $15 მილიარდამდე შეფასებას განიხილავდა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც შეიძლება შემდეგი წლის პირველ კვარტალში საჯარო კომპანიების ჩამონათვალში მოხვდეს, Rubrik-აა. კომპანია Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ღრუბლოვანი და მონაცემთა უსაფრთხოების სტარტაპია.

სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სწრაფი მოდის საცალო ვაჭრობის პლატფორმა, Shein-მა IPO-სთვის აშშ-ს მარეგულირებლებს კონფიდენციალურად მიმართა. კომპანია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით გამუდმებით აკრიტიკებენ, 2024 წელს საჯარო ვაჭრობაში $90-მილიარდიან შეფასებას ელის. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიები, რომლებიც შეერთებულ შტატებში აქციების პირველად გაყიდვას გეგმავდნენ, თვეების განმავლობაში არასტაბილური ბაზრებით იყვნენ შეფერხებული. სექტემბერ-ოქტომბერში საჯაროდ გასული კომპანიების არასახარბიელო შედეგების გამო კი, მათმა IPO-ზე გასვლის გეგმებმა 2024 წელში გადაინაცვლა. ასე მაგალითად, წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა გერმანულ Birckenstock-ს, რომლის აქციების ფასი პირველივე ვაჭრობის შემდეგ 12%-ით დაეცა.