LIVE

IPO-ზე გასვლის შემდეგ, Birckenstock-ის აქციები 12%-ით დაეცა

12 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
IPO-ზე გასვლის შემდეგ, Birckenstock-ის აქციები 12%-ით დაეცა

Birckenstock-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასი New York Stock Exchange-ზე სადებიუტო ვაჭრობის შემდეგ, 12%-ით დაეცა. თავდაპირველი საჯარო შეთავაზების მიხედვით, კომპანიის თითო აქციის ფასმა $46 შეადგინა, რითაც კომპანია $8.6 მილიარდად შეფასდა. თუმცა საბოლოოდ, აქციის ფასი $40.20-ზე დაეცა. 

Birckenstock-ის ამ შედეგებს უკვე აფასებენ, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ დებიუტს იმ კომპანიებს შორის, რომელთა ღირებულება $1 მილიარდს აღემატება. თუმცა, მიუხედავად ამისა, IPO-ზე გასვლის შემდეგ Birckenstock-ის ბაზრის კაპიტალიზაცია ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც 2021 წელს აშშ-ს კერძო საინვესტიციო კომპანია L Catterton-მა გადაიხადა Birckenstock-ის წილის საყიდლად. L Catterton-ი, რომელსაც ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნო და მისი მოდის იმპერია Louis Vuitton Moet Hennessy-ი უმაგრებს ზურგს, Birckenstock-ის 83%-იან წილს ისევ ფლობს. აღსანიშნავია, რომ Birckenstock-ის წარუმატებელი სადებიუტო სვლა ემთხვევა LVMH-ის აქციების მკვეთრ ვარდნას, რაც კომპანიის მესამე კვარტლის გაყიდვების შენელების შემდეგ მოხდა.

Birckenstock-ი საოჯახო ბიზნესად გერმანიაში 18 საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე 1960-იან წლებიდან გამოჩნდა, როდესაც პირველი თაყვანისმცემლები ჰიპების სახით გაუჩნდა. კომპანიამ მასობრივი აღიარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოიპოვა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც მოდის სამყაროს აქცენტი კომფორტზე გადავიდა. Birckenstock-ი არაერთ ცნობილ დიზაინერთან კოლაბორაციულ კამპანიაში გამოჩნდა, რის შედეგადაც, მხოლოდ გასულ წელს, 30 მილიონი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.

კომპანიის წარმატება დაადასტურა 2023 წლის ყველაზე მასშტაბურ ფილმში, „ბარბიში“ გამოჩენამაც. მთავარმა პერსონაჟმა, ბარბიმ რეალურ სამყაროში წასვლისას დათმო კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი და კომფორტული, ბრტყელძირიანი Birckenstock-ის სანდლები მოირგო. ფილმში გამოჩენამ შესაბამისი გავლენა მოახდინა - კომპანიის გაყიდვები თითქმის გასამმაგდა. 2023 წლის ივნისამდე, 9 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები 21%-ით ანუ $1,19 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა ამავე პერიოდში მისი წმინდა მოგება 20%-ით შემცირდა. 

Birckenstock-ის საჯაროდ გასვლის შემდეგ უკვე გაჩნდა რამდენიმე ძირითადი კითხვა: შეძლებს თუ არა უფრო დიდ ფინანსურს სარგებელზე გასვლას; ამის მცდელობაში გაუარესდება თუ არა ხარისხი; ან საჯაროდ გასვლა იქნება თუ არა სარგებლიანი ხანგრძლივ პერსპექტივაში?

ინვესტორებთან შეთავაზების გაკეთების დროს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ რაიხერტმა აქცენტი ახალი პროდუქციის გამოშვებაზე გააკეთა. ბაზარზე მალე შესაძლოა ვიხილოთ Birckenstock-ის არა მხოლოდ სანდლების სხვადასხვა ვარიაცია, არამედ დახურული ფეხსაცმელი და ჩექმებიც. თუმცა ანალიტიკოსები საუბრობენ ბაზრის რთულ პირობებზეც, რის შედეგადაც ბოლო წლებში საჯაროდ გასული ფეხსაცმლის კომპანიები დაზარალდნენ. ასეთი მაგალითია Dr Martens-ი, რომლის ღირებულება 2021 წელს საჯაროდ გასვლის შემდეგ შემცირდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპერტები კომპანიის IPO-ზე გასვლას ბუნებრივ პროცეს უწოდებენ. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, მორტენ ბენედსენის თქმით, Birckenstock-მა საოჯახო ბიზნესის ჩარჩოები უკვე დატოვა, საჯაროდ გასვლა კი კომპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. მომხმარებლების შეფასებით კი, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესი რა ფორმით დარჩება ბაზარზე, მთავარია შეინარჩუნოს თავისი ნიშა - კომფორტი-რომელიც მოდიდან არასდროს გადავა.