LIVE

მსოფლიო ბანკი: 2030 წლისთვის შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია

28 ნოე 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 250
მსოფლიო ბანკი: 2030 წლისთვის შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია, დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების დროის განახევრების პარალელურად.

ანგარიში, რომელიც ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, ხაზს უსვამს, რომ ეს სწორი ინვესტიციებით და დარგობრივი პოლიტიკით გახდება შესაძლებელი.

საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელ შუა დერეფანს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, რეგიონული ვაჭრობის გამოცოცხლება და დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის კავშირების გაძლიერება შეუძლია. დერეფანი ასევე უზრუნველყოფს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო ვაჭრობის მდგრადობასა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, გეოპოლიტიკური შოკებისგან ქვეყნების და მიწოდების ჯაჭვის დაცვით.

„ჩვენი ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არა მარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის. აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებაში და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანტონელა ბასანიმ.

მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე იმ სარგებელს უკავშირდება, რომლის მოტანაც მას, როგორც რეგიონთაშორის სავაჭრო დერეფანს შეუძლია. გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რაც გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან მატებას.

„ახლა არის ხელსაყრელი მომენტი, რომ შუა დერეფანი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდეს, გააფართოოს თავისი გამტარუნარიანობა,  გაზარდოს ეფექტურობა და შეამციროს ხარჯები. მოკლევადიანი სარგებლის კომბინაცია ინსტიტუციური და ოპერაციული ღონისძიებების საშუალებით საშუალოვადიან ინვესტიციებთან ერთად გააძლიერებს შუა დერეფნის ფუნქციონირებას და აამაღლებს მის პოტენციალს,“- განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ კორმიერმა.

ამასთან, ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. აღნიშნული გულისხმობს:

  • დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტების უზრუნველყოფას ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის.     
  • დიგიტალიზაციის კოორდინაციას საზღვარზე და საოპერაციო ინტერფეისებში მიკვლევის ასამაღლებლად და შეფერხებების შესამცირებლად. ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა.
  • ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად.
  • ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმებას. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს.
  • პროცესებისა და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას  მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად.