LIVE

წლევანდელ ზამთრის სეზონზე გაცილებით მეტ ტურისტს ველით - ჰოტელიერი

26 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 279
წლევანდელ ზამთრის სეზონზე გაცილებით მეტ ტურისტს ველით - ჰოტელიერი

მოსალოდნელზე ადრე დაწყებული უხვი ნალექის გამო, ზამთრის ტურიზმის სეზონი წელს სავარაუდოდ 10-15 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია სექტორმა მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ირაკლი ბურჭულაძესთან შეხვედრისას მიიღო. 

როგორც ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი "ბიზნესო ფორმულასთან" აღნიშნავს, ახალ სეზონთან დაკავშირებით ბევრად დადებითი მოლოდინია და აღნიშნულს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. 

"გასული წლის წამგებიანი სეზონის შემდეგ, წელს ბევრად კარგი მოლოდინები გვაქვს. პირველ რიგში, ამის მიზეზია ის, რომ უკვე ყოველდღიურად უხვად თოვს გუდაურსა და ბაკურიანში, რაც იმას ნიშნავს რომ სეზონის გახსნისთანავე სრიალი შესაძლებელი იქნება. გარდა ამისა, წელს უშუალოდ გუდაურს ახალი საბაგირო და ახალი ტრასა დაემატა და ეს ტრასაც უკვე გაწმენდილია. ამ ეტაპზე გათოვლიანებულია ტრასების 20%, რაც მართალია არც ისე დიდი მაჩვენებელია, თუმცა შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია და ასევე, მთავრობისგან მივიღეთ დაპირება რომ მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-ს გადააჭარბებს, რაც ყველაფერთან ერთად ნიშნავს გარანტირებული ჯავშნების ზრდასაც. დადებით მოლოდინებს ამყარებს მთის სხვადასხვა კურორტზე დაგეგმილი 4 საერთაშორისო შეჯიბრიც და წინასწარი ჯავშნები ევროპიდან უკვე შეინიშნება. გარდა ევროპისა, კიდევ უფრო მეტ ტურისტს ველით ტრადიციულად გალფის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ასევე ბოლო წლებში გააქტიურებული ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და უკვე ჩინეთიდანაც. ომის გამო, ერთადერთი დანაკლისი ისრაელის ბაზარია",- ამბობს მაია მურაჩაშვილი. 

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, მოუგვარებელ პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურა, კადრების დეფიციტი და პარკინგის არ არსებობა. 

"ინფრასტრუქტურის პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება. გუდაურსა და ბაკურიანში, ფაქტობრივად არ არსებობს პარკინგი, რაც დამსვენებლისთვის დიდი დისკომფორტია. პრობლემას წარმოადგენს უნებართვო შენობა-ნაგებობების საკითხიც, რის გამოც, სასრიალო ტრასებზე კორპუსები სოკოებივით ამოდის. ყველაფერთან ერთად, ისევ და ისევ, მწვავედ დგას კადრების დეფიციტის პრობლემაც",- აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.