LIVE

საქართველოს ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMC

23 ნოე 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
საქართველოს ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMC

PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე, ფულადი გზავნილების ოდენობამ, როგორც მშპ-ს წილმა, 11%-დან 16%-მდე მოიმატა.  

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველო ფულადი გზავნილების მოცულობით, როგორც მშპ-ს წილი, 24-ე ადგილზე იყო მსოფლიოში და მეორე ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთის შემდეგ. 

2020 წლიდან, ფულადი გზავნილები, საქართველოსთვის ექსპორტიდან შემოსავლების შემდეგ, უცხოური ვალუტის შემოდინების სიდიდით მეორე წყარო გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე). 

„ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%). 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე).

სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში რუსი იმიგრანტების დიდ ნაკადს უკავშირდება“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

ანგარიშის მიხედვით, 2013 წლიდან 2021 წლამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 26%-დან 41%-მდე გაიზარდა.

„ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილის ზრდა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებული სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებით და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობის ზრდით. თუმცა, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების მკვეთრი ზრდის გამო, ევროკავშირის წილი 24%-მდე დაეცა“, - აღნიშნულია ანგარიშში.