
სათბური გაზების გამონაბოლქვის შემცირების მიუხედავად, მთავრობები გლობალური დათბობის სავალალო გავლენების წინააღმდეგ უმნიშვნელო პროგრესს აღწევენ. ამის შესახებ საუბარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში.
დოკუმენტი ორი კვირით უსწრებს დუბაიში ჩანიშნულ გაეროს ყოველწლიურ კონფერენციას COP28, სადაც მთავრობები განიხილავენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ფართომასშტაბიან ნაბიჯებს, რაც ასევე მოიცავს 2050 წლამდე წიაღისეულ საწვავის გამოყენების ეტაპობრივ შეწყვეტას.
კლიმატის ეროვნული გეგმების თანახმად, ამ ათწლეულის დასასრულს, ემისიები შესაძლოა 9%-ით გაიზარდოს, 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინაც კი, თუ ქვეყნები თავიანთ შესაბამის სამოქმედო გეგმებს შეასრულებენ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების ემისია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2%-ით შემცირდება, ამ ათწლეულში კი მსოფლიო გამონაბოლქვის პიკურ ზღვარზე აღმოჩნდება.
გაეროს "კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის" აღმასრულებელი მდივნის, საიმონ სტიელის თქმით, ერთობლიობაში, მთავრობები მცირე ნაბიჯებს დგამენ კლიმატური კრიზისის დასაძლევად, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანას შესაძლოა უკეთესი სიტუაცია ჰქონდეს, სხვებთან შედარებით.
2015 წლის პარიზის შეთანხმების საფუძველზე, ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-მდე შეზღუდონ.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გასული 12 თვე ისტორიაში აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იყო. არაკომერციული ორგანიზაცია Climate Central-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, 1,3°C-ზე მეტად მოიმატა.