LIVE

Renault-ის ელექტრომობილების მწარმოებელი შვილობილი კომპანია IPO-სთვის ემზადება

14 ნოე 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
Renault-ის ელექტრომობილების მწარმოებელი შვილობილი კომპანია IPO-სთვის ემზადება

ფრანგული ავტომწარმოებლის, Renault-ის ელექტრომობილების მწარმოებელი და პროგრამული უზრუნველყოფის შვილობილი კომპანია, Ampere პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) გასვლას გეგმავს. კომპანია €8 მილიარდიდან €10 მილიარდამდე შეფასებას ისახავს მიზნად.

სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ Renault-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა დე მეო ინვესტორებს 15 ნოემბერს შეხვდება. დე მეომ ინვესტორებს უნდა აჩვენოს თუ როგორ აპირებს კომპანია, რთულ საბაზრო პირობებში კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ Tesla-სა და ჩინურ მსხვილ მწარმოებლებს. სწორედ Tesla-ს მიერ წამოწყებული „ფასების ომისა“ და IPO-ზე სხვა ინდუსტრიის კომპანიების წარუმატებელი დებიუტის გამო, Ampere-ის საჯაროდ გასვლა 2024 წლის აპრილ-მაისში იგეგმება.

”ჩვენ ბევრს ვმუშაობთ IPO-სთვის, თუმცა ბაზარზე კომპანიის ფასდაკლებებით გატანას არ ვაპირებთ”,- განაცხადა დე მეომ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში.

Ampere-მა 8 ნოემბერს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა, როგორც Renault-ის ოპერაციებისგან დამოუკიდებელმა კომპანიამ. IPO-ზე გასვლით კომპანია მიზნად ისახავს, თავისი ამბიციური გეგმების განხორციელება დააჩქაროს, მათ შორის, გაზარდოს პროდუქციის მრავალფეროვნება კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

ამ დროისთვის Renault-ის გაყიდვები ევროკავშირის ბაზარზე შენელებულია. ამაზე განსაკუთრებული გავლენა, ელექტრომოდელების პირველ ტალღის პერიოდის, ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის, Zoe-ს ბაზრიდან ეტაპობრივმა გასვლამ მოახდინა. მოსალოდნელზე ნაკლებია გასული წლის მოდელის, Megane E-Tech-ის გაყიდვები, რომელიც Renault-მა Tesla-ს Model 3-ისთვის კონკურენციის გასაწევად შექმნა. წლიურად სამიზნე 100 000 ერთეულის ნაცვლად, სექტემბრისთვის 35 000 გაიყიდა.

თუმცა ლუკა დე მეო ძვირიანი მოდელის შენელებულ გაყიდვებს კომპანიის IPO-ს წარუმატებლობის ფაქტორად არ მიიჩნევს. ინვესტორებთან მოლაპარაკებების დროს დიდი ყურადღება Ampere-ის პროგრამული შესაძლებლობების წარმოჩენას დაეთმობა. 2017 წლიდან Intel-ის 400-ზე მეტი ინჟინრის დამსახურებით, Renault-ი კონკურენტებთან შედარებით, პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების აღმოფხვრაში დაწინაურდა.

კომპანიის IPO-ზე გასვლას პოზიტიურად უყურებს საფრანგეთის სახელმწიფო, კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელი და მნიშვნელოვანი აქციონერი.

"Ampere-ი უფრო ახლოს დგას ტექნოლოგიურ ეკოსისტემასა და ინოვაციურ აზროვნებასთან. ელექტრომობილების წარმოების ზრდა კი ახალი კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ალექსის ზაჟდენვებერმა, Renault-ის დირექტორთა საბჭოში საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა.