![რუსული VTB-ის ევროპული შვილობილი სახელს იცვლის](/uploads_script/articles/2023/11/09/e0vymae0gfbbi00.jpg)
რუსეთში მეორე უმსხვილესი ბანკის, სანქცირებული VTB-ის ევროპული შვილობილი სახელს იცვლის, მას შემდეგ, რაც მშობელმა კომპანიამ უარი თქვა მისთვის ბრენდის ქვეშ მუშაობის გაგრძელების უფლების მიცემაზე.
როგორც Reuters-ს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰელვიგმა განუცხადა, ფრანკფურტში დაფუძნებული VTB Bank (Europe) SE, რომელიც გასული წლიდან ლიკვიდაციის პროცესშია, ამიერიდან ცნობილი იქნება როგორც OWH SE.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, VTB-მა ათიათასობით გერმანელი მომხმარებელი მიიზიდა დეპოზიტებზე მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ომის დაწყების შემდეგ, მეანაბრეებმა თანხების გატანა დაიწყეს, რამაც მარეგულირებლის ჩარევის საჭიროება გააჩინა. შესაბამისად, გასული წლის აპრილიდან, რუსულმა კომპანიამ ევროპულ შვილობილზე კონტროლი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ რუსული VTB ევროპულ შვილობილს ოფიციალურად ჯერ კიდევ ფლობს. ჰელვიგი ამბობს, რომ სათავო ოფისს დაუკავშირდა, რათა სალიცენზიო ხელშეკრულების დასრულებამდე, ბრენდის ქვეშ მუშაობის ნებართვა მიეღო, თუმცა VTB-მა უარი განაცხადა, რის არგუმენტადაც რუსული მხარე გერმანული რეგულატორის მიერ შვილობილ კომპანიაზე კონტროლის აღებას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას სანქციები დაუწესეს, რომლებიც საქართველოში მოქმედ „VTB ბანკ ჯორჯიაზეც“ გავრცელდა. შედეგად, სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა.