
საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა.
შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ პროექტის განხორციელების ერთობლივი გეგმის შემუშავებაა.
კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება. Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.
Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება წამყვან ქვეყნებს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს ეკონომიკის გაციფრულებისთვის.
"Ripple-ის CBDC პლატფორმის გამოყენებით, საპილოტე პროექტი შესაძლებელს გახდის საჯარო და კერძო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას გავაძლიეროთ ინოვაციების დანერგვა, რაც საჯარო უწყებებში გააძლიერებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას",- აღნიშნა ჯეიმს უოლისმა.
ცნობისთვის, ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის შესაძლებლობაზე მსჯელობა ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს დაიწყო. საქართველოში ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გაეშვება.