
საქართველოში ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გაეშვება.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დეკემბერში პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიის არჩევის პროცესი დასრულდება, რის შემდეგაც შერჩეულ ორგანიზაციასთან ერთად სებ-ი ციფრულ ვალუტას საპილოტე რეჟიმში გაუშვებს.
როგორც სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ციფრული ლარი ოთხი მიმართულებით იქნება გამოყენებული. მათ შორისაა სებ-ის თანამშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციები.
ვარლამ ებანოიძის თქმით, ციფრული ვალუტის საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციები უფრო გამჭვირვალე, სწრაფი და იაფი იქნება.
„ციფრული ლარის პროექტი მალე საპილოტე რეჟიმში გადავა, ეს პროცესი დაახლოებით 1-1.5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პერიოდი გვაჩვენებს, დაინერგება თუ არა საქართველოში საბოლოოდ ციფრული ვალუტა გადახდის კანონიერ საშუალებად. ციფრული ლარის ტექნოლოგიას საპილოტე რეჟიმის ფარგლებში ოთხი მიმართულებით გამოვიყენებთ. ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვა. თუკი მათ სურვილი ექნებათ, ხელფასები სწორედ ამ ტექნოლოგიის საშუალებით ჩაერიცხებათ. ციფრული ლარი იძლევა შესაძლებლობას, რომ წინასწარ დაპროგრამების საფუძველზე ტრანზაქციები მაგალითად, დღის ან კვირის ჭრილშიც განხორციელდეს. მეორე მაგალითი იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და ე.წ. სმარტ კონტრაქტები. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც უძრავი ქონების შეძენა და მისი გადაფორმება ერთი ტრანზაქციით არ ხდება, ციფრული ლარი კი ამ ორ პროცესს გააერთიანებს და უფრო დაცულს გახდის. ასევე ვგეგმავთ, რომ საპილოტე რეჟიმში ციფრული ლარი ისეთ მიმართულებებზე გამოვიყენოთ როგორიცაა ნუმიზმატიკა, საკოლექციო მონეტების გათამაშებები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ზოგადად ციფრული ვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები უფრო გამჭვირვალე, იაფი და სწრაფია“, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
ცნობისთვის, ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნის შესაძლებლობაზე მსჯელობა ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს დაიწყო. ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტისთვის სებ-მა პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.