LIVE

იაპონია აზიური საფონდო ბაზრის ფავორიტია

18 მარ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
იაპონია აზიური საფონდო ბაზრის ფავორიტია
Kentaro Takahashi/Bloomberg

იაპონურ აქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ Topix ინდექსისთვის მიმდინარე წლის მოგება გასული კვირის ბოლოს 11%-მდე აიყვანა.

ინდექსმა 1991 წლის შემდეგ პირველად დაასრულა სავაჭრო სესია 2,000-იან ნიშნულზე ზევით, რაშიც მთავარი წვლილი ავტომწარმოებლებს და ბანკებს მიუძღვით. საერთო ჯამში, Topix-ის უკუგება 2021 წელს ორჯერ აღემატებოდა მაგალითად MSCI Asia Pacific Index-სას.

"ცუდი ამბები ერთმანეთის მიყოლებით ქრება და რჩება მხოლოდ მოგება," ამბობს ჰიროში მაცუმოტო, Pictet Asset Management-ში იაპონური ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბაზრისთვის განსაკუთრებულად პოზიტიური სიგნალია იაპონიის გადაწყვეტილება, გააუქმოს კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული პროგრესი და შემოსავლების აღდგენის ტემპები.

ტოკიოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა კვირას გაუქმდება, ვინაიდან დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, თანაც ისე რომ იაპონიას არ დასჭირვებია ეკონომიკის დამაზიანებელი შეზღუდვების შემოღება, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან.

ბაზრის მოთამაშეები ასევე მოუთმენლად ელიან იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც პარასკევს სავარაუდოდ დაასრულებს სამთვიან სპეკულაციას და შეცვლის საფონდო აქტივების შესყიდვის სტრატეგიას. ბაზარი ელის, რომ მარეგულირებელი შეამცირებს საფონდო აქტივების შესყიდვას მაღალი ფასების პირობებში და მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა ამის საჭიროება დადგება. სავარაუდოა, რომ ცენტრალური ბანკი უარს იტყვის აქტივების შესყიდვის 6 ტრილიონ იენიან წლიურ გეგმაზე.

Bloomberg-ის სტატიის ავტორები: გეროიდ რეიდი და შოკო ოდა