LIVE

ჩინეთის აკრძალვის შემდეგ იაპონურ ზღვის პროდუქტებს აშშ ყიდულობს

04 ნოე 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
ჩინეთის აკრძალვის შემდეგ იაპონურ ზღვის პროდუქტებს აშშ ყიდულობს

ჩინეთის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ, იაპონური ზღვის პროდუქტების დიდი ნაწილის შეძენა აშშ-ს სამხედრო ძალებმა დაიწყო. იაპონიაში აშშ-ს ელჩის, რაჰმ ემანუელის თქმით, ჩინეთის აკრძალვის გასანეიტრალებლად ვაშინგტონმა შესაძლოა სხვა გზებსაც მიმართოს.

შესყიდულ პროდუქციას ამერიკული სამხედრო პერსონალისთვის გამოიყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონიაში ამერიკული სამხედრო ბაზების მაღაზიებსა და რესტორნებში გაიყიდება. ემანუელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი კონტრაქტის დასაწყისია, რომელიც ყველა სახის ზღვის პროდუქტზე გავრცელდება. ემანუელი დასძენს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ქვეყანაში იაპონური თევზის იმპორტიც განიხილოს.

იაპონიაში აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვანგ ვენბინი. იგი აცხადებს, რომ დიპლომატის პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მეგობრობას და არა სხვა ქვეყნების შეურაცხყოფას და კონფლიქტის გაღვივებას.

ჩინეთმა აგვისტოში იაპონური ზღვის პროდუქტების იმპორტი, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის გაშვების საპასუხოდ, სრულად აკრძალა. ატომური ელექტროსადგურიდან წყლის გაშვების გადაწყვეტილება, მრავალი დაკვირვებისა და კვლევის საფუძველზე, იაპონიამ 2 წლის წინ მიიღო და მიმდინარე წლის 24 აგვისტოს დაიწყო. გადაწყვეტილებას გასულ თვეს მხარი დაუჭირა გაერო-ს ბირთვული საკითხების დამკვირვებელმა.

იაპონია რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს იმის დასადასტურებლად, რომ ფუკუშიმას მახლობლად ზღვაში შესამჩნევი რადიოაქტიური დონე არ ფიქსირდება.

ასევე, გასულ შაბათ-კვირას დიდი შვიდეულის სავაჭრო მინისტრებმა იაპონურ ზღვის პროდუქტებზე აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვეს.